დიდუბის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის განვითარების კონცეფცია (შემდეგი სადგური - დიდუბე)

ავტორი: ბექა ჯინჭარაძე , თამარ ჩერქეზიშვილი , თათა ლოლაძე
ფართობი: 446 m2
სტუდენტური პროექტი
დიდუბის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის განვითარების კონცეფცია (შემდეგი სადგური - დიდუბე)
ავტორი: ბექა ჯინჭარაძე , თამარ ჩერქეზიშვილი , თათა ლოლაძე
ფართობი: 446 m2

მდებარეობა: თბილისი

საპროექტო არეალის ძირითადი ნაწილი მდებარეობს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. იგი შეადგენს 446 000 მ2 -ს და მოიცავს მეტრო დიდუბის მიმდებარე ტერიტორიას, „ოკრიბა“-ს ავტოსადგურებს, სამრეწველო და ინდუსტრიულ ობიექტებს („გორგია“-ს შენობა, მაუდის ქარხანა, მეტალის და ტექსტილის მცირე საწარმოები) და სასაწყობო ტერიტორიებს. მნიშვნელოვანი მიზიდულობის ლოკაციაა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მშენებლობის პროცესში მყოფი საცხოვრებელი კომპლექსი M3 –ის ტერიტორიაზე არსებული პარკი. საპროექტო ტერიტორია განფენილია ორი ძირითად გეოგრაფიულ დონეზე. ისინი ერთმანეთისგან მეტროს ხაზითაა გამიჯნული, ნიშნულებს შორის სხვაობა კი 12 მეტრია. საკვლევი არეალი მოიცავს საპროექტო ტერიტორიიდან 300-დან 620 მ-დე რადიუსში შემავალ სივრცეს. საპროექტო ტერიტორიის დათვალიერებისა და ანალიზის შემდგომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა მოუწესრიგებელი სატრანსპორტო მიმოსვლის სახით გამოიკვეთა. როგორც აღმოჩნდა, არსებული ტერიტორია ვერ უძლებს ავტომობილთა მძლავრ ნაკადებს და საჭიროა მათი განტვირთვა. დღეის მდგომარეობით, საპროექტო არეალის მთავარ სატრანსპორტო დერეფანს წერეთლის გამზირი წარმოადგენს. როგორც აღვნიშნეთ, ქუჩაზე წერეთლიდან მომავალ ავტომობილთა ნაკადს უერთდება თორნიკე ერისთავის ქუჩიდან მომავალი ნაკადი, რომელიც ასევე მთავარი არტერიაა მისი მიმდებარე განაშენიანების. მათი შეერთებით წარმოქმნილ ისედაც საკმაოდ დატვირთულ მოძრაობას ემატება მეტროსა და “ოკრიბას” ავტოსადგურის მიმდებარედ მოძრავი ავტომანქანების და სამარშრუტო ტაქსების დიდი რაოდენობა და ერთად მიემართება რობაქიძის გამზირისკენ, რაც ფაქტობრივად წერეთლის გამზირს გაუვალს ხდის. არსებული სიტუაციის შემსუბუქების მიზნით, გადავწყვიტეთ თორნიკე ერისთავის ქუჩის მიმდებარე განაშენიანებიდან მომავალი ნაკადი გაგვეცალკევებინა, ნაწილი მიგვემართა კვლავ წერეთლის გამზირისკენ, ნაწილი კი პანდუსის დახმარებით გადაგვეტყორცნა პირდაპირ რობაქიძის გამზირისკენ. აღნიშნულით, ერთის მხრივ, შევამცირებთ ზედა დონიდან წერეთლის გამზირის დატვირთვას, მეორეს მხრივ კი რობაქიძის გამზირიდან მომავალ მძღოლს მივცემთ არჩევნის საშუალებას გადაინაცვლოს ზედა ზონის განაშენიანებაში მოხვდეს, მთლიანად მეტროსა და სადგურის ტერიტორიის შემოვლით თუ დიღმის ხიდიდან პირდაპირ პანდუსის გავლით. პანდუსის არსებობა კიდევ უფრო გამართლებული იქნება, თუკი მხედველობაში მივიღებთ, რომ დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შემდეგ თორნიკე ერისთავის ქუჩის ორივე მხარეს გაჩნდება საცხოვრებელი ზონა რეკონსტრუირებული და გაფართოებული შიდა სარგებლობის ქუჩებით, რაც, თავის მხრივ, კიდევ უფრო გაზრდის აქ არსებულ საავტომობილო დატვირთვას. სწორედ ამ საცხოვრებელი ზონის სამომავლო განვითარების მიზნით, პროექტში გათვალისწინებულია ცოტნე დადიანის ქუჩიდან ახლანდელი მოლეთის ქუჩის დამაკავშირებელი ორმხრივი გზის გაყვანა, რაც ხელს შეუწყობს მიმდებარე განაშენიანებიდან ავტომობილთა გადაადგილებას უმოკლესი მანძილით რობაქიძის გამზირისკენ და ამასთანავე განტვირთავს თორნიკე ერისთავის გამზირს. ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული პანდუსი ზედა დონეზე დაშვებამდე წრიულად ტრიალებს 300 ავტომანქანაზე გათვლილ ვერტიკალურ საპარკინგე შენობაზე. აღნიშნული ვერტიკალის შექმნის მიზანი იყო მიმდებარე ტერიტორიაზე უკონტროლოდ მიმოფანტული ავტომობილების ერთ სისტემაში მოქცევა. მოწესრიგებული საპარკინგე ზონის არასებობის გამო ავტომანქანები ბლოკავენ სავალ ნაწილს, რაც კიდევ უფრო ართულებს გადაადგილებას ისედაც დატვირთულ ზონაში, შესაბამისად ისინი თითქმის მთლიანად მოვაშორეთ მიწის ნიშნულს. გამჭვირვალე, ბუნებრივად განიავებადი საპარკინგე შენობის თითოეულ სართულზე ავტომობილს მოძრავი პლატფორმის საშუალებით შეუძლია მოხვედრა. საპროექტო ტერიტორიაზე პრობლემური საკითხი გამოიკვეთა “ოკრიბა”-ს ავტოსადგურის არაორგანიზებული გადანაწილების სახით. სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მიმავალი სამარშრუტო ტაქსები ოთხ წერტილშია კონცენტრირებული საპროექტო ტერიტორიაზე, ერწყმის გარე მოვაჭრეების მიერ დაკავებულ სივრცეს და მგზავრისთვის თითქმის შეუძლებელს ხდის სასურველი სამგზავრო მიმართულების მოძებნას. ამასთან ერთად ამ ოთხ ლოკაციას შორის მოძრავი ავტომობილების ნაკადი აფერხებს ძირითად ქუჩაზე გამტარუნარიანობას და საფრთხეს უქმნის ფეხით მოსიარულეებს. ამ პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, “ოკრიბა”-ს ავტობუსებსა და სამარშრუტო ტაქსებს ერთ სივრცეში, მიწისქვეშა დონეზე მოვუყარეთ თავი. დაკვირვებისა და ანალიზის საფუველზე დავადგინეთ 1 საათში სადგურში მოძრავი ტრანსპორტის რაოდენობა და მოვაწყეთ 100 სამარშრუტო ტაქსსა და 10 ავტობუსზე გათვლილი კომფორტული და ორგანიზებული ავტოსადგური, რომელში მოხვედრაც მგზავრებს ღია სივრცეში არსებული ესკალატორებით ან რკინიგზის სადგურის გავლით შეუძლიათ. ავტომანქანების მიწისქვეშა სივრცეში ჩატანამ საშუალება მოგვცა გამოთავისუფლებული ტერიტორიის ნაწილი გამოგვეყენებინა ქუჩების მოსაწესრიგებლად, ნაწილზე კი მწვანე სარეკრეაციო სივრცე მოგვეწყო. როგორც უკვე აღვნიშნეთ, კვლევამ გამოავლინა, რომ დიდუბის მეტროს სადგური დღეს გამართულად ვერ ფუნქციონირებს, მისი სტრუქტურა და მექანიზმი მოშლილია. იგი, თავისი ფუნქციიდან გამომდინარე, ერთ-ერთი ძირითადი და ცენტრალური ობიექტია და დღის განმავლობაში ათასობით მგზავრის გადაყვანას კომფორტულად და შუფერხებლად უნდა უზრუნველყოფდეს. ამ პრობლემის გადასაჭრელად, პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებული იქნა მასშტაბური, ბევრად უფრო განვითარებული ობიექტის შექმნა, რომლის ქვეშაც გაერთიანდება მეტროსა და რკინიგზის სადგურები. პროექტირების დროს ფუნდამენტური გადაწყევტილება თბილისის ცენტრიდან რკინიგზის სატვირთო და სამგზავრო ლიანდაგების გადატანისა და რკინიგზის სადგურის ჩიხურ სადგურად ქცევა იყო, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, გამოთავისუფლებული ტერიტორია სხვა მნიშვნელოვანი ფუნქციებით დავტვირთოთ. შენობა, მეტროს ლიანდაგების მდებარეობიდან გამომდინარე, 12 მ-იანი სხვაობის მქონე ორ ნიშნულს შორის არის განთავსებული და, შესაბამისად, საპროექტო ტერიტორიის ორი დონის მაკავშირებლად გვევლინება. ამ ფაქტმა საშუალება მოგვცა ურბანული თვალსაზრისით მოგვეწესრიგებინა შენობის მიმდებარე ტერიტორია როგორც ზედა, ისე ქვედა პლათფორმაზე. მეტროსა და სადგურის შენობის არქიტექტურის ვიზუალურ გადაწყვეტას რაც შეეხება, იგი მთლიანად მინაში შფუთული სტრუქტურისგან შედგება, რომლის ტანიც ერთი მასიური გადახურვის ქვეშ ერთიანდება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მეტროს შენობა დღეს თითქმის უხილავია ამ ტერიტორიაზე, ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვექმნა სკულპტურული ობიექტი, რომელიც თავისი არქიტექტურით ბევრად უფრო ხილვადი იქნებოდა ადგილობრივებისთვისა და ვიზიტორებისთვის. შენობის გადახურვა საჩრდილობლების სიმრავლით გამოირჩევა, რაც კიდევ უფრო კომფორტულს ხდის ბაქნებსა თუ მიმდებარე მოედანზე გადაადგილებას განსხვავებულ ამინდში. ის სივრცე, რომელიც დასავლეთის მიმართულებით სამგზავრო ბაქნებისგან შედგება, მაქსიმალურად ღიაა, რათა შთამბეჭდავი ხედებით წინასწარ მოამზადოს მგზავრები მომავალი მოგზაურობისთვის. მაშასადამე, ტერიტორიაზე ჩვენს მიერ შეთავაზებული ურბანული და არქიტექტურული გადაწყვეტებით შესაძლებელია შეიქმნას გამართული სოციალური და საინჟინრო ინფრასტრუქტურა; მოწესრიგდეს ამ დროისთვის ქაოტური და დეგრადირებული სივრცე და დაუბრუნდეს ქალაქს, როგორც მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზიდვის წერტილი. ეს ყოველივე შემდგომში უბიძგებს და ხელს შეუწყობს მისი მიმდებარე არეალის ეტაპობრივ განვითარებასაც. მოსაზღვრე უბნებში მაცხოვრებლებს შეუქმნის ჯანსაღ საცხოვრებელ გარემოსა და პირობებს.

ჟიურის ავტორიზაცია

სახელი
პაროლი
რეგისტრაცია ავტორიზაცია

პაროლის აღდგენა

ელ-ფოსტა
აღდგენა

მონაწილის რეგისტრაცია

სახელი
პაროლი
გაიმეორეთ პაროლი
ელ-ფოსტა
პაროლის აღდგენა რეგისტრაცია